“ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისულების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ, ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის უკანონოდ მისჯას.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, მე პირადად გავმართე მრავალი შეხვედრა როგორც მანამდე, ასევე ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჯამში, ამ შეხვედრას სამოცამდე მონაწილე ესწრებოდა. ასევე, ეუთოს ახლადდანიშნულ თანათავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან, ისევე როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან და სხვა მრავალი შეხვედრისას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ერთი მხრივ, დაგმობილია ეს ფაქტი, მეორე მხრივ, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ დამატებით ის ეფექტიანი გზები, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ამ პროცესში, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპაციის, ანუ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, რომ ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.











